პარლამენტთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი - "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოები. მათ სანთლები დაანთეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აქციას ორი მოთხოვნა აქვს - საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.
„დღევანდელი აქციის მთავარი შინაარსი არის ის, რომ დაფიქსირდეს საზოგადოების ერთობა იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ჩადის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რაშიც უმოქმედობით, წახალისებით და არგაღიზიანების პოლიტიკით თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაათამამა და გაათავხედა ტერორისტული სახელმწიფო რუსული კანონის ინიციირებით, პირდაპირი კავშირით კრემლთან, პირდაპირი ფრენების აღდგენით, ასიათასი რუსის შემოდინებით ქვეყანაში და ა.შ.. დღეს ამ აქციას არ ექნება პარტიული კონტექსტი, არ იქნება პარტიული გამოსვლები და ექნება მხოლოდ ორი მოთხოვნა - დაისაჯონ მკვლელები, ოღონდ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურამ და სასამართლომ გაასამართლოს. უნდა მოვიპოვოთ ეს დამნაშავეები ნებისმიერ ფასად და მეორე მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონოდ გატაცებული და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ტყვეობიდან," - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
ასევე გაეცანით:
-
ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
-
სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა